close
დიმიტრი უზნაძე

,,დოქტრინა” გთავაზობთ ნაწყვეტს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის – დიმიტრი უზნაძის ნაშრომიდან – ,,ომის ფილოსოფია”:

მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სურათი ვნახე, სურათი სრულიად სადა, უბრალო ხასიათის იყო. მაგრამ მან მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წარმოიდგინეთ მსვენიერი ახალგაზრდა ასული. იგი ტბის გაყინულ ზედაპირზე მოხდენილად მოსრიალებს; მაგრამ მას მუდამ თან მისდევს მისი ჩრდილი, რომლისთვისაც მხატვარს სიკცდილის ჩონჩხის სახე მიუცია. მას თვისი უსულო, უხორცო ხელები წინ გაუშვერია. იგი ცდილობს ასულის მშვენიერი სხეული მკლავებში მიიმწყვდიოს და თავის ცივ გულზე მიიკრას. მას სურს მისი სიცოცხლის მაჯისცემა სამუდამოდ ჩააქროს, მაგრამ თითქოს ასული გრძნობს თავისი უხილავი თანამგზავრის განზრახვას. იგი მისრიალებს ტბის ზედაპირზე და აი, უახლოვდება ისეთ ადგილს, რომელიც საკმაოდ გაყინული არ არის… სამარისია ერთი წუთი და ისიც გადაიჩეხება. სიკდილიდ აჩრდილი ათრთოლებულ ხელებს სწევს ქალწულისაკენ, მაგრამ ქალწული უეცრად განზე იხრება, თითქოს მას სიკვდილის ხელიდან გასხლდომა უნდოდეს. იგი იცვლის მიმართულებას და განაგრძობს თავის გზას. გადის დრო… იგი უცებ წონასწორობას კარგავს და სიკვდილის ჩონჩხიც კიდევ მეტი წყურვილით იშვერს ხელებს ქალწულისაკენ, რათა მისი მშვენიერი სხეული გულზე მიიკრას; მაგრამ ქალწული იმწასვე სიმძიმის ცენტრს პოულობს და ამგვარად სიკდილს კიდევ ხელიდან უსხლტება. ერთი სიტყვით, ყოველი ნაბიჯი ამ ქალწულისა, ყოველი მიმოხვრა და მოძრაობა მისი სხეულისა განსაზღვრულია ერთი გრძნობით, ერთი სურვილით: სურვილით, რომ სიკვდილის უსულო ჩონჩხს ხელში არ ჩაუვერდეს. ამგვარად, მთელი მიმართულება ამ ქალწულისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის ნაკარნახევი, ამ სურათამ ჩემზე დიდი შთაბეჩდილება მოახდინა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმიტომ, რომ მის დანახვაზე ჩმს ცნობიერებაში ადამიანის სიცოცხლის ბედის სურათი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით დაიხატა და, მართალაც, განა ასეთი არ არის მთელი ცხოვრება ადამიანისა!

განა ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა შიშის გრძნობით არ არის ნაკარნახევი; განა ჩვენი დაბადების პირველსავე მომენტიდან იმის ცდაში არა ვართ, რომ სიკვდილის ცელის მსხვერპლი არ შევიქნეთ! ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი კერძო არსებობის პირობები, ყველა ფორმა ჩვენი ყოფნისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის შექმნილი და გამოწვეული. ეს შიშია ამგვარად მთელი ჩვენი ცხოვრების მმართველი პრინციპი. იგი უმთავრესი რეგულატური მომენტია ადამიანის მთელი ცხოვრებისა.

ამ სახით, სიკვდილის შიში მუდმივი და აუცილებელი ფაქტია მთელ საკაცობრიო ცხოვრებაში.

ჩვენ, ყველანი, გამსჭვალულნი ვართ ამ გრძნობით და იმის მიხედვით ვაშენებთ და ვანგრევთ ჩვენი ცხოვრების შენობას. მართალია, არსებობს ზოგი უმადური და უბედური ძე ამაქვეყნიური სიცოცხლისა. მათთვის მთელი ცხოვრება ადამიანისა უმიზნო და უაზრო ბრძოლაა სიკვდილის ყოვლისშემძლე ძლევამოსილებასთან, ბრძოლა, რომელიც სულ ერთია ბოლოს სიკვდილის ძლევით გათავდება: ამიტომ სიკვდილი ასეთებისათვის ხსნაა, იგი მათთვის უდიდესი სიკეთეა, რასაკვირველია, მათთვის შიში სიკვდილის წინაშე აღარ უნდა არსებობდეს, და ისინიც აღტაცებული მოკრძალებით ჩასჩერებიან სიკდდილის ბნელად ამოღრმავებული თვალების ბრმა გამომეტყველებას, თითქოს მეტი მოუთმენლობით მოელოდნენ მისი ფარული მოსვლის საიდუმლოების განჭვრეტას.

სიკვდილის ასეთ აპოლოგეტებს პესიმისტებს უწოდებენ. მათთვის უცხო უნდა იყოს შიში სიკვდილის წინაშე, და ამიტომ მათი ცხოვრებაც გამონაკლისს უნდა შეადგენდეს სხვათა ცხოვრებასთან შედარებით. მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვას ვხედავთ. სიკვდილის ეს აპოლოგეტები მხოლოდ სიტყვით არიან მისი მეგობრები, მაგრამ, როდესაც საქმით დასჭირდებათ, სიკვდილთან მეგობრობის გამოაშკარავება, მაშინ ისინიც ისე იმსჭვალებიან თავისი მეგობრის შიშით, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი. გაიხსენეთ შოპენჰაუერი! ვინ იყო მასზე უფრო ბრწყინვალე მოციქული პესიმიზმისა, მაგრამ ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო გაურბოდა სიკვდილს.

ამვარად, აშკარაა, სიკვდილის ფაქტი ყველას თანასწორ საშინელებას აღუძრავს არსებაში, ყველას თანაბარი შიშის თრთოლვით უქრობს იმედს და თუ ეს ასეა, მაშასადამე, იგი ფაქტობრივად ყველასთვის ერთგვარი სიდიდის ბოროტებნას უნდა წარმოადგენდეს, მოროტებას იმდენად აბსოლუტურს, რამდენადაც აბსოლუტურია მისგან გამოწვეული შიში.

გაზეთი ,,სახალხო ფურცელი,” 1914

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2