close
გაზდელიანი ირაკლი

ალბათ, უმეტეს ჩვენგანს დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, არის კი ის პროფესია სწორი, რაც ავირჩიეთ? ან ვიღებთ კი სწორ და საჭირო განათლებას უნივერსიტეტში, რომელშიც ვეუფლებით მომავალ საქმიანობას?

არც ის იყო გამონაკლისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარების დღიდან ფიქრობდა, როგორ გაეხადა მისი სტუდენტობა საინტერესო, ხოლო მაღლივში ჩაბარება – გამართლებული.

21 წლის ირაკლი გაზდელიანი დღეს საინტერესო გამოგონების ავტორია, მომავალში უფრო მეტი და საინტერესო მიღწევების პერსპექტივით. ყველაფერი კი ეკონომიკის პოლიტიკის კათედრაზე ერთ-ერთი საგნის არჩევითa და მიღებული ცოდნის რეალიზებით დაიწყო.

მან კრიპტოვალუტებზე მორგებული კომპიუტერული პროგრამა დაწერა, რომელმაც დაინტერესება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც გამოიწვია.

ირაკლიმ მესამე კურსზე სავალდებულო საგანი ეკონომიკის პოლიტიკა აირჩია, რასაც ასევე მოჰყვა კურსი ობიექტებზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა VB.NET-ში და შუალედური გამოცდა, რომელმაც საბოლოოდ გააღვიძა ქართველ სტუდენტში გამომგონებლის ნიჭი და უნარები.

ირაკლის მიერ შექმნილი პროგრამა – ,,dicelator-ი“ რისკების პროცენტულად დამთვლელი კალკულატორია, რომელიც ავტორმა ერთერთი საიტისთვის შექმნა. აქ კამათლის გაგორების პრინციპით ხდება მოგების მიღება და არსებული რისკების დათვლა. პროგრამა ალგორითმის პრინციპზეა დამყარებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ალგორითმის პრინციპი არ მუშაობს, სწორედ ამიტომაც უფრო საიმედო მექანიზმის არსებობაა აუცილებელი. სწორედ ამაზე მუშაობს ახლა ავტორი და აქვს იმედი, რომ სამომავლოდ საკუთარი გამოგონების გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას შეძლებს, რომელსაც გაყიდვაშიც ჩაუშვებს.

ორიოდ სიტყვა თავად კრიპტოვალუტაზე, რომელიც თანამედროვეობაში საკმაოდ აქტუალური თემაა.  კრიპტოვალუტა არის ელექტორნული ფული, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაგზავნოს ფული ინტერნეტით მსოფლიოს გარშემო, უმოკლეს დროში, შუამავლის გარეშე დ, რაც მთავრია, ეს ხდება ანონიმურად, იდენტიფიცირების გარეშე.

კრიპტოვალუტა ფიზიკურად არ არსებობს, ის არც იბეჭდება, არ აქვს ფიზიკური ფორმა, მას ვერ შევეხებით, ის მათემატიკურ გამოთვლებზეა დამყარებული და დაშიფრულია კრიპტოგრაფიულად. მაგრამ, რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, მას აქვს საკმაოდ დიდი ღირებულება და თანდათან იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. მისი ასეთი პროგრესირება იმ დადებითი მხარეებიითა განპირობებული, რასაც ის გვთავაზობს, უპირველეს ყოვლისა, მოხმარება არის ძალიან მარტივი, არ კონტროლდება ვინმეს ან რაიმესგან, საკმაოდ დაბალია საკომისიო გადარიცხვებზე.

სწორედ ამ სფეროში ჩართული ადამიანებისთვის და საქმიანი ბიზნესმენებისთვის დიდი დაინტერესების საგანი გახდა ქართველი სტუდენტის გამოგონება, რომლის შექმნის სამუშაო პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე თავად ავტორი გვესაუბრება:

-როდის დაინტერესდი გამომგონებლობით და რა უძღვოდა ამ დაინტერესებას წინ?

-გამომგონებლობით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, შემეძლო რაიმე დამეშალა და ახალი რამ ამეწყო. ეს ალბათ უფრო იმან განაპირობა, რომ ხელოვნება მიყვარს ზედმეტად და ყველაფერში მას ვხედავ. ასევე იმანაც, რომ თავდაუზოგავად შრომა მიყვარს ჩემი მიზნების მისაღწევად და თავს იქამდე არ ვანებებ,  სანამ შედეგს არ ვიღებ. ეკონომიკის ფაკულტეტზეც იგივე მოხდა, არ შევეშვი მიუხედავად იმისა, რომ თავი ვერ ვიპოვე მასში.

-როგორ გაჩნდა გამოგონების იდეა?

-ჩემი პროგრამის იდეა სულ უცაბედად გაჩნდა. კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული, შესაბამისად, „დამხმარე ინსტრუმენტის“ ქონა არ იქნებოდა ცუდი და ასე შეიქმნა ,,Dicelator-ი“.

-რა სირთულეებს წააწყდი სამუშაო პროცესში?

-სირთულე მხოლოდ ის იყო, რომ პირველად ვმუშაობდი,  როგორც პროგრამისტი და სრულყოფილად არ ვფლობდი ენას, ასევე – visual studio-სთანაც პირველად მქონდა შეხება. მუშაობის პროცესში მიწევდა საჭირო ლიტერატურის პოვნა და ათვისება ამის გამო.

-რაში მდგომარეობს შენი გამოგონების უნიკალურობა და სარგებლიანობა ?

-უნიკალურობა უფრო მის მეორე ვერსიას ექნება, ვიდრე პირველს ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ  ერთ-ერთ საიტს წავაწყდი,  სადაც „კამათლის გაგორების“ პრინციპით აორმაგებდი ვალუტებს. თუმცა იმის გამო, რომ აქ ყველაფერი ალგორითმზეა დამოკიდებული, ხშირად ალბათობის პრინციპი არ მუშაობს და რაიმე უფრო სანდო გამოთვლის პრინციპი სჭირდებოდა. შესაბამისად, მეც ვცადე რამე რისკის დამთვლელი კალკულატორი ამეწყო. პირველი ვერსია,  ფაქტობრივად, გამოგონება არც ყოფილა, ძირითადად არსებული მათემატიკა გამოვიყენე და უბრალოდ მაინტერესებდა შედეგს თუ გამოიღებდა. დაინტერესებების გაჩენის შემდეგ კი, ახალ ვერსიაზე დავიწყე მუშაობა სადაც „ახალი მათემატიკისა“ და „კანონზომიერების“ შექმნა მიწევს.

გვიამბე შენს სამომავლო გეგმებზე.

 -,,Dicelator V2”-ზე ვმუშაობ, უნივერსიტეტის გამო ხშირად ვერ ვიცლი, ამიტომ ნელ-ნელა მიიწევს მისი დამუშავების საქმე. ამავდროულად,  კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ,  რომელზეც უფრო მეტ იმედებს ვამყარებ და, შესაბამისად, არც ვისაუბრებ მასზე, მოკლედ რომ ვთქვათ – საიდუმლოდ დავიტოვებ.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

error: Content is protected !!