close
AMGანათლებააქართველო

მეათეკლასელი მეკლდეურისა და მოჭადრაკის საინტერესო ცხოვრება სვანეთში

ლევან ფილფანი

ლევან ფილფანი  მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ახალგაზრდა  ჯერ მხოლოდ მეათე კლასშია, მაგრამ უკვე მოახერხა მეკლდეურეობასა და ჭადრაკის სფეროში საკუთარი სიტყვა ეთქვა, პარალულურად – მრავალ სასწავლო და სოციალურ აქტივობაშია ჩართული, რომელთა შესახებაც ის თავად გვიამბობს.

-ლევან, მეკდლეურობა ჯერ არცთუ ისე პოპულარული სპორტია, გვიამბე შენი გამოცდილების შესახებ.

-უკვე მესამე წელია, რაც მეკლდეურობაზე დავდივარ, ეს გახლავთ სპორტის ექსტრემალური სახეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში არის პოპულარული და ოლიმპიური სპორტის სახეობებსაც განეკუთვნება. ამჟამად, უკვე ორჯერ გავხდი სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ჩემპიონი, პირველად 2016 წელს თბილისში, ხოლო 2017 წელს კი, ლენტეხში ჩატარებულ საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე. აღნიშნული სპორტიდ დღესაც აქტიურად ვარ დაინტერესებული ცოტა ხნის წინ,  ლენტეხში ჩატარება 2018 წლის ივნისის ჩემპიონატზე, 2002-2003 წლებში დაბადებულთა შორის, მეორე ადგილის მფლობელი გავხდი.

-როგორც ვიცი, შენი კიდევ ერთი გატაცება ჭადრაკია.

-დიახ, სტრატეგიული თამაშები მიყვარს და, მათ შორის, ყველაზე მეტად ჭადრაკი, რომლის თამაშიც, დაახლოებით, 10 წლიდან დავიწყე, თავდაპირველად,  ასე ვთქვათ, ჩემი მთავარი მასწავლებელი და მოწინააღმდეგე კომპიუტერი იყო, მართალია კომპიუტერთან თამაში მოსაწყენია, განსაკუთრებით კი – ჭადრაკის, მაგრამ მიზნად მქონდა, რომ თამაშში საფუძვლიანად გავრკვეულიყავი. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჭადრაკის ჩემპიონატში მივიღებდი მონაწილეობას, თუმცა პირველი გამოსვლა 2016 წელს, მთელი ზემო სვანეთის მაშტაბით ჩატარებულ კონკურსში მქონდა და  როგორც ჩემ მიერ ამ ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება იყო მოულოდნელი, ისეთივე მოულოდნელი იყო მეორე ადგილის დაკავებაც, ამ წარმატებამ კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი და უკვე წიგნიდან დავიწყე საჭადრაკო სტრატეგიების სწავლა. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი წლის ჩემპიონატზე კიდევ უფრო წარმატებულად ვიასპარეზებ.

-დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ახერხებ, რომ სასწავლო აქტივობებითაც დაკავდე, გვიამბე შენი საქმიანობის შესახებ.

-ამ ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე, ვცდილობ, რომ დიდი დრო დავუთმო ინგლისური ენის შესწავლას, უკვე მეორე წელია ვმონაწილეობ ამერიკის საელჩოს PH International-ის ინგლისური ენის შემსწავლელ ,,Access Program-ში”, ასევე – ვმონაწილეობ ჩვენი კოლეჯის ტერიტორიაზე შექმნილ პროექტში, რომლის თანავტორიც გახლავართ, პროექტი ეხება მესტიაში ველოსიპედების გასაქირავებელ და სერვისცენტრების მოწყობას, ეს პროექტი დაფინანსდა იტალიელი სპონსორის მიერ და, მის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, სასწავლო ვიზიტით ვესტუმრეთ იტალიას, რათა გაგვევლო ტრენინგები და მიგვეღო უკეთესი გამოცდილება.

-დაბოლოს, შენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე, როგორ გგონია რომელ პროფესიას დაუკავშირებ საკუთარ ცხოვრებას და რატომ?

-ჯერჯერობით, ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი ის, თუ კონკრეტულად რომელ პროფესიაზე შევაჩერებ ყურადღებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტექნიკური განხრით ავირჩევ მიმართულებას, რადგან  ყველაზე დიდ ინტერესს ჩემში მათემატიკა და ფიზიკა იწვევს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სვანეთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მის გარეშე, ვაპირებ, რომ უნივერსიტეტში მიღებული განათლებაც ჩემი რეგიონის განვითარებას მოვახმარო.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2