close
საგო, sago

20 წლის გოგა ოთინაშვილს  ორი წელია სათამაშოების  საკუთარი ხაზი აქვს. ,,საგო“ მომხმარებელს ხისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, რომელთა უმეტესობაც, გოგას თქმით, ბავშვების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

Doctrina.ge ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი ბრენდისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

გოგა, გვიამბე, როდის დაინტერესდი ხეზე მუშაობით?

-ხის მიმართ ინტერესი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გამიჩნდა, როდესაც ჩემთვის თავად ვთლიდი სათამაშოებს და რჩევებს უფროსებსაც ვეკითხებოდი. შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, გამიჩნდა სურვილი, ჩემი დამზადებული სათამაშოებით სხვა ბავშვებსაც ეთამაშათ და ჰობი რეალურ ბიზნესად მექცია.

როგორია „საგოს“ განვითარების ისტორია?

-2016 წლის დეკემბერში მონაწილეობა მივიღე ,,ტექნოპარკის“ ერთ-ერთ პროექტში, „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, სადაც წარვადგინე იდეა, რომლის მიხედვითაც, უნდა შემექმნა ხის სათამაშოები. მალევე გავაკეთეთ პირველი პროტოტიპები და უკვე 30 დეკემბერს თამამად წარვსდექით ფართო აუდიტორიის (პოტენციური მომხმარებლის) წინაშე. მოწონებაც დაიმსახურა უმრავლესობისგან და, მას შემდეგ, რამდენიმე ასეული კმაყოფილი მომხმარებელიც გვყავს, რითიც ვამაყობთ ჩვენს კომპანიაში.

-როგორც ვიცი, შექმენი საკუთარი ხის მანქანა, როგორ გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა?

-გასულ წელს დავიწყე მუშაობა ავტომანქანის შექმნაზე, რომელიც არ ეკუთვნის კომპანიას, უფრო ჩემი ინტერესებისთვის დავიწყე, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. მისი ვიზუალიც გამოირჩევა ხის ფაქტურით და შეუძლია 2 ადამიანის ტრანსპორტირება. ამ დრომდე ხდება მისი მოდიფიცირება და მუდმივი განახლება.

-ამ ეტაპზე, რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

-ამ ეტაპზე გვაქვს 15 სახის სათამაშო, რომელთა უმეტესობა ბავშვის გონებრივ  განვითარებას ემსახურება, ამასთან ერთად, გვაქვს სამაგიდო, საოჯახო და გასართობი სათამაშოები, ნებისმიერი ასაკისთვის. უკვე 6 თვეა, რაც საბავშვო ავეჯის ხაზიც დავამატეთ ჩვენს ბრენდს.

სად შეიძლება ,,საგოს“ პროდუქციის შეძენა?

-ამჟამად ჩვენი სათამაშოების შეძენა მხოლოდ ფეისბუკგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

რამდენად რთულია სტუდენტისთვის მსგავსი საქმიანობა?

-მომიწია რაღაცების დათმობა, რომ ეს საოცნებო საქმიანობა გამეგრძელებინა, მათ შორის, სტუდენტობის (ნაწილობრივ), თუმცა სწავლას ვაგრძელებ ბიზნესის მიმართულებით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები.

-თითქმის ორწლიანი საქმიანობის შემდეგ, მოვიპოვეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, პროგრამა “YES GEORGIA-ს“ თანადგომით, თბილისში სათამაშოების მცირე საწარმოს ვხსნით. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ახორციელებს ფონდი ,,კრისტალი“, ,,PH international-თან“ და ,,მისო კრისტალთან“ ერთად. ასევე – პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  თანადაფინანსებით.

2018 წლის ოქტომბერში მივემგზავრებით თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, სათამაშოების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს მხარდაჭერა ცხადჰყობს, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იქნება.

 

მასალა მოამზადა:  თათია გაჩეჩილაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტირნა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2