close
აქართველო

ლევან აბაშიძე – „წიგნების თაროს“ გამორჩეული მონაწილე პროექტსა და კარიერაზე

8FB2D723-0060-45C9-B786-AF80DE248CC6

ლევან აბაშიძე თექვსმეტი წლის მოსწავლეა „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლიდან“, რომელიც საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც პროექტ „ყველაზე ჭკვიანის“ გამარჯვებული გახდა, წელს კი, ყველასთვის საყვარელი ახალგაზრდა „წიგნების თაროს“ ცნობილ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობდა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნობს მორიგ წარმატებულ ახალგაზრდას.

 „წიგნების თაროდან“ გაგიცნო,  როდის და რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა?

-ზოგადად, „წიგნების თაროს“ პირველივე სეზონიდან ვუყურებდი. მონაწილეობა პროექტის დაწყებისთანავე მინდოდა, თუმცა შესაბამისი ასაკის არ ვიყავი. როცა მეათე კლასში გადავედი, თვითონ ვუთხარი სკოლის ხელმძღვანელობას, რომ მსურდა მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ, სკოლაშივე შეარჩიეს გუნდი, რომელშიც მეც მოვხვდი. სხვათაშორის, „წიგნების თარო“ ჩემთვის პირველი სატელევიზიო პროექტი არ ყოფილა. „თარომდე“ხუთი წლით ადრე ვმონაწილეობდი „ყველაზე ჭკვიანში“.

-გვიაბე შენს ამ გამოცდილებაზეც.

-2013 წელს, თერთმეტი წლის ასაკში, გავხდი ტელეპროექტ „ყველაზე ჭკვიანის“ გამარჯვებული. ასევე ვთამაშობდი თამაშის „რა?სად?როდის?“ სპორტულ ვერსიას, რომელიც, ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და კიდევ უფრო მეტი ცოდნის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 2016 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი პროექტში „ტვინების ბრძოლა“. რამდენიმე ოლიმპიადაზე დაკავებული მაქვს საპრიზო ადგილი. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე გაეროს მოდელირებაში, რამაც ერთი პერიოდი მაფიქრებინა კიდევაც, პროფესიად დიპლომატიური სამსახური ამერჩია.

ამჟამად რა ეტაპზეა პროექტში თქვენი ნაკადი „წიგნების თაროში“ და რა მოგცა შენ მასში მონაწილეობამ?

-ამჟამად მეხუთე სეზონი უკვე დასასრულისკენ მიდის, მხოლოდ ფინალია დარჩენილი. „წიგნების თაროში“ მონაწილეობამ, პირველ რიგში, ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა.  პირადული კუთხით, ვფიქრობ, რომ ცოტათი უფრო კომუნიკაბელური გამხადა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ახლო მეგობრის შეძენას სწორედ „წიგნების თაროს“ უნდა ვუმადლოდე.

-როგორც ვხედავთ ლიტერატურას შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, როგორ ფიქრობ, რა ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე წიგნები, რომლებსაც ისინი კითხულობენ?

-ჩემი აზრით, ლიტერატურას ადამიანზე ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. პირველ რიგში, წიგნები ადამიანის ფანტაზიის თავისუფლების ადგილია. ადამიანი წარმოიდგენს ამა თუ იმ სცენას საკუთარ გონებაში და, თითქოს, მის ცხოვრებას კიდევ ერთი ლამაზი კადრი ემატება, ყოველ ასეთ მომენტში. ასევე, ადამიანი თავს ლიტერატურულ პერსონაჟებს ადარებს, რაც, ადრე თუ გვიან, მის უკეთესობისაკენ შეცვლას გამოიწვევს. წიგნები ადგილია, სადაც ადამიანი იგებს მეტს კულტურის, ტრადიციების, ინდივიდებისა თუ საზოგადოების შესახებ. ასევე, წიგნები ბევრისთვის შთაგონების წყაროც ხდება საკუთარ საქმეში. ასე რომ გავაგრძელო, კიდევ დიდი ხანი ვერ დავამთავრებ ამაზე საუბარს და მოკლედ რომ ვთქვათ, წიგნებს ადამიანის ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლიათ.

საინტერესოა  რომელი ლიტერატურული ჟანრიგიყვარს ყველაზე მეტად და რატომ?

-ლიტერატურულ ჟანრებს შორის დეტექტივს გამოვარჩევდი. დეტექტივის კითხვა აგათა კრისტის მოთხრობების შემდეგ დავიწყე, შესაბამისად, ჩემი საყვარელი ავტორიც აგათაა. ასევე მეც ვცდილობ დეტექტივების წერას, რაც, ასე თუ ისე, გამომდის. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომაც მიყვარს დეტექტივები. სტივენ კინგის სიტყვებს მოვიშველიებ : „თუ გინდა, რომ უკეთესი მწერალი გახდე, ჯერ ეს ორი რამ უნდა გააკეთო: იკითხო ბევრი და წერო ბევრი“. ამ ბოლო დროს მოვუხშირე ყოფითი რომანების კითხვას, რადგან უფრო მეტად დავინტერესდი ადამიანების (პერსონაჟების) ყოველდღიური ცხოვრებით. ვფიქრობ, რომ ასეთ ასპექტში მცირე დეტალებზე დასაკვირვებლად ამტიპის ნაწარმოებები საუკეთესო საშუალებაა.

საკმაოდ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ვფიქრობ უკვე გექნება სამომავლო გეგმები, რომლებიც შენს პროფესიას უკავშირდება, გვიამბე მათ შესახებ.

-ჯერჯერობით, ჩემს თავს ფსიქოლოგად ვხედავ. ამის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, მიყვარს წერა, შესაბამისად სურვილი მაქვს, ჩემი მომავალი პროფესია რაღაცით წერასთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ ჟურნალისტიკაშიც შეიძლება მოვსინჯო ძალა.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!