close
ტურინის სუდარა

დიდი ხანია, ტურინის სუდარა ექსპერტებისა და რიგითი ადამიანების მსჯელობის საგანია. მავანისთვის ეს ნამდვილად ის ქსოვილია, რომელშიც იესო ქრისტე გაახვიეს, მავანისთვის კი – ეს მოსაზრება მიუღებელია.

ექსპერტიზის დასკვნებიც სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ბოლო მაღალტექნოლოგიური სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, ტურინის სუდარა, რომელშიც იესო ქრისტე იყო გახვეული, შუა საუკუნის „ფეიკია“.

კვლევის შედეგები, რომელიც მეცნიერებმა მოხალისის, მანეკენისა და დახვეწილი ტექნიკის – სისხლის ნიმუშის ანალიზი (Bloodstain Pattern Analysis (BPA)) გამოყენებით ჩაატარეს, სამეცნიერო ჟურნალ ,,Forensic Sciences-ში” გამოქვეყნდა.

რომაულ კათოლიკურ ეკლესიას სამოსის ავთენტურობაზე  ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ქსოვილი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება.

უკანასკნელი კვლევა შემოიფარგლა სისხლის ნაკადებით, რომელიც მარცხენა ხელის ჭრილობებისგან მოდიოდა და რომელიც, ბიბლიის თანახმად, შუბით იყო მიყენებული, ასევე წელის არეში მდებარე სისხლის ლაქისგან.

მოხალისეს წელში მილი ჩაუდგეს, ჯვარცმის დროს ლურსმნის ჩაჭედების ადგილიდან მომდინარე სისხლის სიმულაციის მიზნით. მანეკენი კი მხარზე „შუბით“ მიყენებული ჭრილობისთვის გამოიყენეს.

ბალისტიკური კუთხის  გამომთვლელის გამოყენებით, კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლის ნაკადების მიმართულება  სუდარაზე დატანილ მაღალი რეზოლუციის ფოტოგრაფიებისას არ ემთხვევა. ქსოვილი მოთავსებულია სპეციალურ ქეისში, საიდანაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს გამოაქვთ. „როდესაც მასში მოხალისე მოათავსეს, სისხლის მოძრაობა სუდარისას არცერთ პოზიციაში არ დაემთხვა,“ – ნათქვამია კვლევაში.

ეს ტურინის სუდარაზე ჩატარებული პირველი კვლევა არ გახლავთ. მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის სუდარაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო ეგონათ. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს სუდარა ლეონარდო და ვინჩიმ მოხატა. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება.

1973 წელს შვეიცარიელ კრიმინოლოგ მაქს ფრეის ნება დართეს, ლაბორატორიული ანალიზისთვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად ექსპერტმა ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები ევროპაში არ ხარობენ. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 – სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილას, ევროპის ჩათვლით. დოქტორ ფრეის აზრით, სუდარამ ,,მოიარა” ძველი პალესტინა, ასევე ძველი ედესა და კონსტანტინოპოლი.

2000 წლისთავისთვის მოეწყო კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელშიც ოქსფორდის, ბაზელისა და არიზონის უნივერსიტეტთა პროფესორები მონაწილეობდნენ. მათ  რადიკალურად უარყოვეს თვალსაზრისი სუდარის დახატვასთან დაკავშირებით.

2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა – ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით, სუდარა გამოიკვლიეს.

კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები, აღმოაჩინეს მისი კომპონენტები: ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ამ უკანასკნელის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის IV ჯგუფის შესახებ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2