close
გიორგი კონტუიძე

28 წლის გიორგი კონტუაძე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გახლავთ, რომელიც ასევე  არის ერთ-ერთი წარმატებული ქართული ინოვატორული სტარტაპის – ,,Giffer-ის” დამფუძნებელი და სათავეში უდგას ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო ,,Kraken-საც”. გავიცნოთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ისტორიას თავად გვიამბობს.

-ციფრული მარკეტინგი 21-ე საუკუნის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ყოველთვის უჭირთ ხოლმე მისი ზუსტი განმარტების შემოთავაზება, შენ, პირადად, როგორ აუხსნიდი მის მიზნებსა და დანიშნულებას მკითხველს?

რთულია, განსაზღვრო ის რაც დღევანდელ დღეს შეიძლება ყველაფერი იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა დოზით არის ტექნოლოგიები და ციფრული კომუნიკაცია ჩვენს ცხოვრებაში. ეს იმდენად სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომ რთულია განისაზღვროს სად ვიქნებით ხვალ და რასთან ადაპტირება მოგვიწევს უახლოეს მომავალში, ტექნოლოგიები ხომ მუდმივად ვითარდება. ხშირად მითქვამს, რომ ხანდახან რთულია მიხვდე რომელია რეალური სამყარო, ის სადაც ვცხოვრობთ თუ მეორე, ჩვენი მოწყობილობების მიღმა არსებული, ალბათ უკვე მეორე, რადგან იქ გაცილებით მეტ დროს ვატარებთ. მეგობრები აღარ გვენატრებიან, რადგან უკვე ყოველდღიურად შეგვიძლია ვადევნოთ მათ თვალი. ეს ძალიან ვრცელი თემაა, საინტერესო და ამოუწურავი და მასზე საუბარიც ძალიან დიდხანს შეიძლება.

-საინტერესოა, როდის დაინტერესდი ციფრული მარკეტინგით და რა მიგაჩნია საქმიანობაში მთავარ ფაქტორად, რამაც შენი წარმატება განაპირობა?

– ამ მიმართულებით სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი, პირველ კურსზე რომ ვიყავი, მუდმივად ვეცნობოდი მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობდი არასდროს ჩამოვრჩენილიყავი ციფრულ სამყაროში დანერგილ სიახლეებს. ჩემი მიზანი დღესაც უცვლელია, კომპანია რომელიც უკვე 60-ზე მეტ კომპანიას ემსახურება, სრულ სერვისს სთავაზობს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აქამდე მოსვლა კი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა დაუღალავი შრომა და მაქსიმალური აქცენტი მომსახურებაზე, რადგან საქართველოში კარგი და კომფორტული მომსახურების შეთავაზება არ არის მარტივი.

-სტარტაპი ,,Giffer-ი” უკვე ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, მოგვიყევი მისი შექმნის ისტორია და გზა, რომლის გავლაც დაგჭირდათ სანამ წარმატებას მიაღწევდით?

– მაშინ როდესაც კრაკენი მუშაობდა ერთ-ერთ პროექტზე და რიგითი შეკრება გვქონდა სადაც ვფიქრობდით სხვადასხვა იდეებზე, დაიბადა გიფერის იდეაც, რომ შეგვექმნა მოწყობილობა რომელიც იქნებოდა განსხავებული და ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მომგვრელი. მოგეხსენებათ ფოტოების ბეჭდვა უკვე დიდი ხანია ჩვენთან პოპულარულია ამიტომ გადავწყვიტეთ ყოფილიყო გიფი, განსხავებული, ახალი ხილი ჩვენი ხალხისთვის. საამაყოა ის ფაქტი რომ სამმა მეგობარმა, ფაქტობრივად ნულიდან, ჩვენივე ფინანსებით ავაწყეთ პირველი აპარატი, სტარტაპის წარმატება, ჩემი აზრით, დამოკიდებულია კარგ პროდუქტზე და იმ სტრატეგიაზე თუ როგორ გააკეთებ პროექტის პოზიციონირებას ბაზარზე. ჩვენს შემთხევაში, ეს იყო ,,თბილისი ოფენ ეარი”, სადაც უფასოდ დავდგით ,,გიფერი”, ამ სამი დღის შემდეგ კი – მისი ცნობადობა და პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა, და იზრდება ახლაც, ,,გიფერი” უკვე 5 ქვეყანაში ოპერირებს.

როდესაც გჯერა იდეის, გარისკვას არ უნდა მოერიდო, როდესაც საწყის ეტაპზე ხარ, გაქვს ექსპერიმენტების შესაძლებლობა, გაქვს უფლება დაუშვა შეცდომები, რადგან სტარტაპი ხარ. მერე ამას არავინ გაპატიებს.

დღევანდელ დღეს უკვე ძალიან ბევრი პროექტი არსებობს რომელიც სტარტაპებს ეხმარება განვითარებაში და ეს მისასალმებელია, ჩვენ ყველაფერი ჩვენით გვქონდა მოძიებული, არ ყოფილა არანაირი ფინანსური ან მსგავსი ხელშეწყობა, მიუხედავად იმისა რომ ყველგან გვახსენებდნენ და გვპატიჟებდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპს.

-რა მომსახურება გვთავაზობს თვითონ ,,Kraken-ი”? ასევე, საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ასე დაგერქმიათ სახელი მისთვის?

-,,კრაკენი” საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც კომპანიებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით აუთსორსულ მომსახურებას სთავაზობს. კრაკენი მითიური არსებაა, რომელსაც გაჭირვების დროს უხმობენ ხოლმე, ასე ვართ ჩვენც, კომპანიებს ვშველით, საცეცებით უამრავ საქმეს ვასრულებთ და თან ყოველთვის აქვთ ჩვენი იმედი. კომპანია მეხუთე წელია აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულადაც, ის რომ უკვე 60 კომპანიაზე მეტი სარგებლობს ჩვენი მომსახურებით,  ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ გვენდობიან და ჩვენი ხარისიხი მათთვის მისაღებია, ჩვენ კი მუდმივად ვიზრდებით.

-პარალელურად ლექტორის საქმიანობასაც ითავსებ, როგორია ახალგაზრდა ასაკში ამ სტატუსის მორგება?

-22 წლის ვიყავი როცა ილიას უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად დავიწყე მუშაობა, ცოტა არ იყოს ამ დროს რთულია რადგან ასაკოობრივი განსხვავება არ არის, სტუდენტები თანატოლად აღგიქვამენ, თუმცა ჩემს ლექციებზე ყოველთვის კარგი დასწრება და დისციპლინა იყო, სტუდენტებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, არასდროს არ მინდოდა სტანდარტული ლექტორი ვყოფილიყავი, ამიტომ სულ ვცდილობდი ლექციები სახალისო და მეგობრული მქონოდა.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2