close
აფხაზეთი

აფხაზური ენის პირველი დაფიქსირება წერილობით წყაროებში უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში მოტანილი ცნობა, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟსა და მემკვიდრეს – გიორგის უწოდა მეორე სახელი „ლაშა“, „რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა“. ტერმინი ლაშა (ალაშა) აფხაზურ ენაზე დღესაც სინათლის სხივს ნიშნავს, ხოლო ეთნონიმი „აფსარი“ უნდა წარმოდგებოდეს აფხაზთა თვითსახელწოდებიდან – „აფსუა“. როგორც ჩანს, მემატიანემ ამ ეთნონიმის გამოყენება იმიტომ ირჩია, რომ მკითხველისათვის ეჩვენებინა, კერძოდ რომელი აფხაზების ენაზე ნიშნავდა სინათლის სხივს „ლაშა“. XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა: 1) საკუთრივ აფხაზებს, 2) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას (ეთნიკური აფხაზების ჩათვლით) და 3) სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს იყო გამოხატულება იმ დიდი როლისა, რომელიც აფხაზება შეიტანეს საქართველოს გაერთიანების საქმეში.

შემდეგი დროის ავტორთა თხზულებებში უკვე ვხვდებით პირდაპირ ცნობებს აფხაზთა ცალკე ენის არსებობის შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილი თურქი მოგზაურის ევლია ჩელებიას მონათხრობი, რომელმაც 1641 წელს იმოგზაურა აფხაზეთის სანაპიროზე და საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენის“ შესახებ (თურქულად აფხაზს ეწოდება „აბაზა“). მას მოაქვს ცალკეული აფხაზური სიტყვები (ჩაწერილი თურქულ-ოსმალური ანბანით) და მთელი წინადადებები სათანადო თარგმანით. ეს მასალა არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ სწორედ აფხაზური ენის აღწერაა.

ის ფაქტი, რომ აფხაზური ენის ნიმუშები მხოლოდ XII ან  XVII ს-დან არის დაფიქსირებული, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო ადრე აფხაზეთში აფხაზურენოვანი მოსახლეობა არ არსებობდა. ქართული ენის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუშები ახ.წ. V საუკუნეს ეკუთვნის; სხვა ქართველური ენების (მეგრულ-ჭანური და სვანური) მასალები კი XVII–XVIII სს-ში ჩანან პირველად, მაგრამ ეს ფაქტები ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ ამ ენებზე მანამდე არავინ ლაპარაკობდა? პირიქით, ცნობილია, რომ სვანური უფრო ძველი ქართველური ენაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

მასალა მოამზადა: ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2