close
ამოგონება - ინოვაციასტორიაანქანათმშენებლობააქართველორანსპორტი

ალექსანდრე ქართველიშვილი – მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც ამერიკულ საჰაერო ტექნიკას დაუდო სათავე

43253657_240830626583905_8051367386961412096_n

“ჩვენ მოვაღწიეთ იმ ეტაპამდე, როცა მეცნირებითა და კვლევებით გამყარებული წარმოსახვა ყველაზე ღირებული სიმდიდრეა”  – ალექსანდრე ქართველიშვილი, 1960 წ.

 აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, ამერიკული საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელსაც მსოფლიო ალექსანდრე ქართველის სახელით იცნობს, ცნობილი იურისტის – მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში, 1896 წელს დაიბადა და ჯერ გიმნაზიის, შემდეგ კი, იუნკერთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ის პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს არტილერისად, რამაც ახალგაზრდას ინტერესი ავიაციისადმი გააღრმავა.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალექსანდრე 1919 წელს  სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს თან დედაც გაჰყვა, მამა და და კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა, რადგან საბჭოთა ოკუპაციის გამო, ქართველიშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა და 1922 წელს,  პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტის დასრულებისთანავე,  ლეგენდალური ფრანგი ავიატორის – ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების “Bernard”-ისა და “Ferbois”-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

სამწუხაროდ, ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას მან სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას.

1927 წელს ალექსანდრეს მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა –  “Bernar-Ferbua V-2” დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. ქართველი თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ–იორკის რეისებისთვის, თუმცა ამისთვის დიდი თანხები იყო საჭირო და უაამრავი რჩევის გათვალისწინებით ქართველიშვილი ამერიკაში ჩავიდა, სადაც ნიჭის განსავითარებლად მეტი რესურსი ეგულებოდა.

1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ ნიუ–იორკში მიიწვია და მათ ერთობლვად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც “Uncle Sam”-ი უწოდეს.

თუმცა ემიგრაცია ქართველიშვილისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, ლევინის კომპანიის გაკოტრების შემდეგ ქართველი გამომგონებელი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა და ლუკმა-პურის საშოვნელად ჭურჭლისა თუ მანქანებს მრეცხავადაც ხშირად უწევდა მუშაობა.

თუმცა, მოგვიანებით, 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს, რომლის კორპორაციაში შექმნილი მოდელებიც ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედებად იქცა. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviacorporation”, რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო.

თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 “Thunderbolt” (“მეხთამფრქვევი”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. პრეზიდენტ რუზველტის მოთხოვნების სრულიად დაკმაყოფილება სწორედ ქართველმა ავიატორმა შეძლო.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდე ქართველიშვილი  1974 წელს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ  მისი დისშვილი ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი გახლავთ.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2